ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა წვრთნა დაიწყო სპარსეთის ყურეში
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა წვრთნა დაიწყო სპარსეთის ყურეში, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც წყლებში შევიდა აშშ-ის თვითმფრინავთა გადამზიდი, ვაშინგტონთან თეირანის მზარდი დაძაბულობის ფონზე. ირანის მედიამ 22 დეკემბერს გაავრცელა ცნობა, რომ გუშაგთა კორპუსი გამოიყენებს საბრძოლო ვერტმფრენებს და დრონებს ყეშმის კუნძულის გარშემო, ჰორმუზის სტრატეგიულ სრუტესთან ახლოს - ანუ გასასვლელთან, რომელზეც ზღვით წარმოებული ნავთობის მთელი ვაჭრობის მესამედი მოდის. "ვიმედოვნებთ, რომ ამ წვრთნების ფონზე ჩვენი მტრები ახლა ყველაზე მკაფიოდ გაიაზრებენ რაოდენ დამანგრეველი იქნებოდა ჩვენი პასუხი მათ ნებისმიერ მოქმედებაზე" - განაცხადა გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელმა, გენერალმა მოჰამად ალი ჯაფარიმ ირანის მედიასთან. გუშაგთა კორპუსის სახმელეთო ძალების ხელმძღვანელი, გენერალი მოჰამად პაკპური ამბობს, რომ წვრთნები "სტრატეგიულად თავდაცვითი" ხასიათისაა. მისი თქმით, ირანი არც ერთი ქვეყნისთვის არ წარმოადგენს საფრთხეს, მაგრამ აგრესიის შემთხვევაში ის მზად იქნება კონტრშეტევისთვის. ყოველწლიური წვრთნა, სახელად "დიადი წინასწარმეტყველი", ტარდება მას შემდეგ, რაც 21 დეკემბერს სპარსეთის ყურეში შევიდა აშშ-ის ხომალდი "ჯონ სი სტენისი", იმ ფონზე, როცა ირანის ოფიციალური პირები გამოდიან ჰორმუზის სრუტის გადაკეტვის მოწოდებებით. ამერიკულ ხომალდს დაედევნენ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გემები. გავრცელდა ცნობები დრონის შენიშვნის თაობაზეც, ისევე, როგორც აშშ-ის ხომალდებისგან მოშორებით რაკეტების საცდელ გაშვებაზე. ირანთან დაძაბულობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ ტოვებს ირანთან 2015 წელს გაფორმებულ, საერთაშორისო ბირთვულ ხელშეკრულებას, რომლითაც ირანს სანქციები მოეხსნა ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ. ირანი ნავთობის მსხვილი ექსპორტიორი და ოპეკის სანავთობო კარტელის წევრი ქვეყანაა. ირანის პრეზიდენტი, ჰასან როჰანი ხშირად გამოდის გაფრთხილებით, რომ ნებისმიერ მცდელობას, ირანმა შეწყვიტოს ექსპორტი, შესაძლოა მოჰყვეს სრუტის გადაკეტვა. მიმდინარე თვეში ირანის საკითხებში აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელმა, ბრაიან ჰუკმა დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა როჰანის მუქარას და თქვა, რომ თეირანი არ აკონტროლებს ჰურმუზის სრუტეს.