იუწყებიან, რომ გადადგა აშშ-ის წარმომადგენელი "ისლამური სახელმწიფოს" საწინააღმდეგო კოალიციაში
საინფორმაციო სააგენტო "ასოშიეიტედ პრესი" იუწყება, რომ ექსტრემისტული ორგანიზაციის, "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მებრძოლ საერთაშორისო კოალიციაში აშშ-ის წარმომადგენელი, ბრეტ მაკგურკი თანამდებობიდან გადადგა, რითიც აპროტესტებს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას სირიიდან აშშ-ის ძალების გამოყვანის თაობაზე. მაკგურკმა, რომელიც პოსტზე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დანიშნა და ტრამპმა ადგილზე დატოვა, გადადგომის შესახებ წერილი 21 დეკემბერს ჩააბარა შესაბამის უწყებებს. სააგენტოს ცნობით, მაკგურკი პოსტს თვის ბოლოს დატოვებს. წერილში მაკგურკი ამბობს, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტები ჯერ არ არიან დამარცხებული და სირიიდან აშშ-ის ძალების ნაადრევი გასვლა მათ გაძლიერების საშუალებას მისცემს. ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ ასევე გადადგა აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ჯიმ მეტისი, რომელიც აცხადებს, რომ ტრამპს სჭირდება თავდაცვის მინისტრი, რომლის შეხედულებები მეტად ემთხვევა პრეზიდენტისას.