ანა დოლიძე: იუსტიციის საბჭომ სუიციდი ჩაიდინა
„მიუხედავად მთელი ჩემი კრიტიკისა თქვენი და სასამართლო სისტემის მიმართ, ნამდვილად არ მეგონა, საკუთარი კარიერის გადასარჩენად თუ ამ დონემდე დაეცემოდით, იმ ბოლო ტოტსა და ნაფოტს გადახერხავდით, რომელზეც სასამართლო ხელისუფლება კიდია. იუსტიციის საბჭოს უმრავლესობამ რეალურად ხელიდან გაუშვა ისტორიული შანსი, რომ საბჭოს შეესრულებინა დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს აღმატებული ფუნქცია, უდიდესი მოვალეობა და პასუხისმგებლობა, რომელიც კონსტიტუციამ დაგაკისრათ“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
იუსტიციის საბჭოს კიდევ ერთმა არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა საბჭოს წევრთა უმრავლესობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ტარგედია უწოდა. „მე მაინც მქონდა იმედი, რომ ალბათ, შეგრცხვებოდათ, მაგრამ არ შეგრცხვათ“ - მიმართა საბჭოს მოსამართლე წევრებს ნაზი ჯანეზაშვილმა. ის კლანურობის წინააღმდეგ პროტესტის გამოსათქმელად სხდომაზე იმყოფებოდა 2 თვის შვილთან ერთად.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ხმათა უმრავლესობით შეარჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი: მარიამ ცისკრაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე. მათი კანდიდატურები დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პარლამენტს.