პარლამენტს მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭიროს „დაბალი რეპუტაციის მქონე კანდიდატებს“
24 დეკემბერს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა პარლამენტს მოუწოდეს, მხარი არ დაუჭიროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ „აშკარა პროცედურული დარღვევებით წარდგენილ და დაბალი რეპუტაციის მქონე კანდიდატებს.”
დღეს გავრცელებულ განცხადებაში, ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე მოითხოვს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც შეუზღუდავს გავლენიან მოსამართლეებს თვითნებური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას და ამ ცვლილებების მიღებამდე შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი.
24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი 10 კანდიდატის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო. სხდომას ესწრებოდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც, რომელთაც პოზიციის გამოხატვის უფლება არ მისცეს, იმ მოტივით, რომ ამას არ ითვალისწინებს რეგლამენტი.
„[იუსტიციის უმაღლეს საბჭოს] სურთ ყოველგვარი საზოგადოებრივი დისკუსიის და გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტების უგულებელყოფით, მოახვედრონ მათთვის სასურველი კანდიდატები უზენაეს სასამართლოში და ამით სრული კონტროლი მოიპოვონ სასამართლო ხელისუფლებაზე”, - წერია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.
მათივე თქმით, საკითხის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გამოტანის შესახებ, 23 დეკემბერს გვიან ღამით გახდა ცნობილი. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მხოლოდ მოსამართლეთა ვიწრო ჯგუფის მიერ დახურულ კარს მიღმა გამართული მოლაპარაკებები, რაც დღეს საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის მიერ გაკეთებული განმარტებითაც დადასტურდა.
ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილისთვის უცნობი იყო კანდიდატთა ვინაობაც კი. არასამთავრობოთა აზრით, მსგავსი არაფორმალური გარიგებები პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონისა და კონსტიტუციის მიზნებს, მოქმედი ხარვეზიანი კანონმდებლობის პირობებშიც კი.