ბოსნიაში პოლიციამ დააპატიმრა კაცი, რომელიც შვილის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს
ბოსნია-ჰერცეგოვინის სერბულ ნაწილში პოლიციამ დააპატიმრა მამაკაცი, რომელიც მარტის თვიდან მოყოლებული თავისი შვილის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს და დანაშაულის ჩადენას შინაგან საქმეთა სამინისტროს აბრალებს. 25 დეკემბერს პოლიციამ დავორ დრაგიჩევიჩი რესპუბლიკა სპრსკას დედაქალაქ ბანია ლუკაში დააპატიმრა. ადვოკატის მტკიცებით დრაგიჩევიჩი ნაცემია. თუმცა, პოლიციაში ამ ცნობას უარყოფენ. სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ ურტყამს პოლიცია მოქალაქეებს ბანია ლუკას ცენტრში. „ბანია ლუკაში მომხდარი ფაქტი ნეგატიურ და საგანგაშო სიგნალს წარმოადგენს სახელმწიფოში კანონის უზენაესობის მდგომარეობაზე,“ - ნათქვამია ბოსნია-ჰერცეგოვინაში მდებარე ევროკავშირის ოფისის განცხადებაში. რამდენიმე თვის წინ დავორ დრაგიჩევიჩმა დაარსა მოძრაობა „სამართლიანობა დავიდისათვის“, მისი მოკლული შვილის, 21 წლის დავიდ დრაგიჩევიჩის მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით. ახალგაზრდა კაცი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, ერთ-ერთ არხში მოკლული იპოვეს. მამა დარწმუნებულია, რომ მისი შვილი გაიტაცეს, აწამეს და მერე მოკლეს. პოლიცია აცხადებს, რომ ახალგაზრდა, რომლის სიხლშიც ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერების კვალი აღმოჩნდა, უბრალოდ დაიხრჩო.