ერევანში რუსეთის საელჩოს შენობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა
25 დეკემბერს ერევანში, რუსეთის საელჩოს შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართა აქტივისტების ჯგუფმა, რომელიც მოითხოვდა მოსკოვისაგან სომეხი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსი ჯარისკაცის გადმოცემას. მკვლელობა დეკემბრის დასწყისში მოხდა გიუმრიში, სადაც რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა მდებარეობს. 23 წლის რუსი ჯარისკაცი, რომელიც ამავე სამხედრო ბაზაზე მსახურობდა, ბრალდებულია 57 წლის ჯულიეტა გუკასიანის მკვლელობაში. ჯარისკაცი თავს დაესხა და სასტიკად სცემა დამლაგებელ ქალს, რომელიც სამსახურიდან ბრუნდებოდა. მიღებული დაზიანებების შედეგად ქალი 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბრალდებული ამავე ბაზის ტერიტორიაზე იმყოფება წინასწარ პატიმრობაში. აქციის მონაწილეებთან შესახვედრად რუსეთის საელჩოს არც ერთი თანამშრომელი არ გამოსულა.