პუტინის განკარგულებით მსუბუქდება სასჯელი საჯარო სიძულვილისა და ცილისწამებისათვის
რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს სიძულვილის მოტივით ჩადენილ რიგ დანაშაულებზე, რაც მანამდე პატიმრობას ითავლისწინებდა. პუტინის მიერ 28 დეკემბერს ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, პირს, რომელიც საჯაროდ, მათ შორის სოციალური ქსელების მეშვეობით მიმართავს „სიძულვილის ენას“ და შეურაცხყოფს სხვა ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის აღმსარებლობას, სქესს, ეთნიკურ წარმომავლობას, ეროვნებას, რასას, ენას ან სოციალურ მდგომარეობას, - დაეკისრება ფულადი ჯარიმა, საზოგადოებრივი სამუშაოების შესრულება ან 15 დღიანი პატიმრობა.
პუტინი სასჯელის შემსუბუქების ინიციატივით გამოვიდა ოქტომბერში, მას შემდეგ, რაც რამდენიმე მოქალაქეს ბრალი წაუყენეს სრულიად უწყინარი სატირული მასალების გამოქვეყნებისათვის სოციალურ ქსელებში, ფეისბუკსა და ვკონტაქტეში.
თუმცა რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ცვლილების თანახმად, თუ პირი ერთი წლის განმავლობაში კვლავ ჩაიდენს აღნიშნულ ქმედებას, მაშინ მასზე განხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა და შესაძლოა მიესაჯოს 2-დან 5-წლამდე პატიმრობა. ამასთან კვლავ ექვსი წლით პატიმრობა ემუქრება პირს, ან პირთა ჯგუფს, რომლებიც სიტყვიერი შეურაცხყოფის გარდა მიმართავენ ძალადობას, ან განახორციელებენ ძალადობრივ მუქარას. პატიმრობით ისჯება იგივე დანაშაული ჩადენილი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით.