თბილისის მერიას სავარაუდო კორუფციისთვის უჩივლებენ
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აპირებს პროკურატურას და სასამართლოს მიმართოს მიწისზედა და მიწისქვეშა საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეკლამის განთავსების მიზნით თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონის გამო. ორგანიზაცია „ჰაბ ჯორჯიას“ ხელმძღვანელი ვასილ ურუშაძე თბილისის მერს კახა კალაძეს ბრალს სდებს პირადი ინტერესებით თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში.
"თბილისის მერი ფიქრობს იმაზე, რომ შექმნას საშვილიშვილო ბიზნესი. სხვა მოტივი ამას არ შეიძლება ჰქონდეს. სერვისი, რომელიც მომგებიანია თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის, ფიქრობს, გადასცეს 20-წლიანი ექსკლუზიური უფლებით სხვა კომპანიას მინიმალურ თანხად - 12 მილიონად“ - განაცხადა უსურშაძემ. მისივე თქმით, „ეს არის პრიმიტიული, დრომოჭმული სქემა“ და დაგეგმილია თავად თბილისის მერის მიერ. „ადგილი აქვს თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და სამსახურებრივ გულგრილობას, რაც ასევე ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით და არანაკლებ ისჯება, ვიდრე კორუფციული გარიგება. 9 დღიანი აუქციონი მიუთითებს იმაზე, რომ სხვა კომპანიებს ფიქრის დროც არ დარჩენოდათ" - განაცხადა ურუშაძემ. მისი ინფორმაციით, მერიის აუქციონის შედეგები აუცილებლად გასაჩივრდება სასამართლოში. ურუშაძის შეფასებით, ეს საქმე შესაძლოა აღმოჩნდეს ერთ-ერთი, რომელიც ძალიად ცუდად დაასრულებს კალაძის პოლიტიკურ კარიერას
თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ მიწისზედა და მიწისქვეშა ტრანსპორტზე რეკლამის 20 წლით, ექსკლუზიურად განთავსების უფლებაზე 19 დეკემბერს გამოაცხადა აუქციონი, რომელიც 28 დეკემბერს სრულდება. დოკუმენტაციის მიხედვით, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობისთვის კომპანიამ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სააგენტოში 3 000 000 ლარი წინასწარ უნდა გადაიხადოს. საპრივატიზაციო თანხა 11 847 124 ლარს, ხოლო სავაჭრო ბიჯი 100 000 ლარს შეადგენს.