მიხეილ სააკაშვილი ტელეეთერიდან თავს დაესხა იულია ტიმოშენკოს და ანატოლი გრიცენკოს
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთი უკრაინული თოქშოუს ეთერში ცოტა ხნის წინ სასტიკად გააკრიტიკა უკრაინის ოპოზიციის გამოკვეთილი ლიდერები - იულია ტიმოშენკო და ანატოლი გრიცენკო.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ტელეკომპანია „ზიკის“ საავტორო გადაცემაში „ჯოკრები. გზა პრეზიდენტობისკენ“ («Джокери. Шлях у президенти“) მიხეილ სააკაშვილმა ანატოლი გრიცენკო, რომელსაც 2005-2007 წლებში ქვეყნის თავდაცვის მინისტრის პოსტი ეჭირა, დაადანაშაულა ქვეყნის თავდაცვის პოტენციალის განადგურებასა და მაიდნის ცნობილი მოვლენების დროს არააქტიურობაში.
უფრო ადრინდელ გადაცემაში მიხეილ სააკაშვილმა არც საპარლამენტო პარტია „ბატკივშჩინის“ ლიდერი, იულია ტიმოშენკო, დაინდო. უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს მიხეილ სააკაშვილმა გაახსენა „გაზპრომთან“ გაფორმებული გარიგება, რომლის წყალობითაც ტიმოშენკომ, სააკაშვილის თქმით, მილიარდამდე დოლარის ღირებულების ქონება დააგროვა, ხოლო მოგებას ან პავლო ლაზარენკოსთან იყოფდა ან ოფშორებში გადაჰქონდა შესანახად.
დღევანდელი მთავრობის ოპოზიციის ლიდერებს სააკაშვილი ახლო წარსულში, ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტიდან გადადგომისა და პრეზიდენტ პოროშენკოსთან ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ, თავის თანამოაზრეებად მიიჩნევდა. იულია ტიმოშენკო ხშირად ჩანდა სააკაშვილის გვერდით მანამდე, ვიდრე უკრაინის ხელისუფლებამ ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს 2018 წლის თებერვალში იძულებით არ დაატოვებინა უკრაინის ტერიტორია.
ზემოხსენებულ საავტორო გადაცემაში მიხეილ სააკაშვილმა იულია ტიმოშჩენკოს ბრალი დასდო იმაში, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში, ვერხოვნა რადაში, პრემიერ-მინისტრის პარტიამ უარი თქვა დაეგმო რუსეთის თავდასხმა საქართველოზე, ხოლო თავად ტიმოშენკომ, სააკაშვილის თანახმად, არ შეასრულა მაშინდელი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს, ბრძანება, რომელიც მთავრობას ავალებდა არ დაეშვა სევასტოპოლში განლაგებული რუსეთის სამხედრო გემების გადაადგილება საქართველოსკენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო აგრესიაში მონაწილეობის მისაღებად.
მიხეილ სააკაშვილის ამ კრიტიკის ფონია კარსმომდგარი საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის ოფიციალური კამპანია უკრაინაში სტარტს 31 დეკემბრიდან აიღებს. ერთ-ერთი ბოლო გამოკითხვის თანახმად, კანდიდატების რეიტინგებში ლიდერობს იულია ტიმოშენკო, რომელსაც მხარს უჭერს გამოკითხულთა 16,1 %, მეორე ადგილზეა მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო - 13,8 %-ით, ხოლო ანატოლი გრიცენკო, 6,8 %-ით, მეექვსე ადგილს იკავებს.
თუმცა უფრო ადრინდელი გამოკითხვებით, იულია ტიმოშენკოს კიდევ უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, მას მოსდევს ანატოლი გრიცენკო, რომელიც მცირედით უსწრებს პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს.