ნაცემი ყაზახი მოდელი არ აპირებს გაჩუმებას
ყაზახმა მოდელმა დინაგულ ტასოვამ, რომელსაც პარტნიორმა მამაკაცმა ცოტა ხნის წინ ეჭვიანობის ნიადაგზე სცემა, ახლახან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მასზე განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა.
დინაგულმა, რომელმაც თავისი ისტორია „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ უამბო, აცხადებს, რომ იბრძოლებს ბავშვებსა და ქალებზე ჯერ კიდევ გავრცელებული ძალადობის შესაჩერებლად.
“სისხლჩაქცევები მაქვს, მაგრამ უკვე გადადის, უფრო უარესად მემჩნეოდა“ - ამბობს მოდელი დინაგულ ტასოვა.
8 დეკემბრიდან 3 კვირა გავიდა. იმ დღეს მას სცემა ახალგაზრდა კაცმა, რომელთანაც დინაგულმა 5 წელი იცხოვრა. ცემის შემდეგ გადაღებული ფოტოები მოდელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ფოტოებზე ჩანს, რომ დინაგული სერიოზულად არის ნაცემი. ჩალურჯებები მთელ სხეულზე მოჩანს.
„ის ხელებით მცემდა. მუშტებს მირტყამდა. მერე ხელი მკრა და მახრჩობდა. ხელში ტელეფონი ეჭირა და ასე მცემდა“.
ცემამდე ერთი კვირით ადრე დინაგულ ტასოვა მონაწილეობდა მოდების ჩვენებაზე „ასტანა ფეშენ ნაითში“ (Astana Fashion Night). იგი პოდიუმზე გამოვიდა ნახევრად გამჭვირვალე ქსოვილისგან შეკერილი კაბითა და შიშველი მკერდით. ამის შემდეგ მას კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს. დინაგული არა მხოლოდ მოდელი, არამედ ახალგაზრდული „მასლიხატის“ დეპუტატიცაა.
„რა სამარცხვინოა! რა უზნეობაა! და ეს ხდება მუსლიმანურ ქვეყანაში! შოკირებული ვარ“;
„არ მესმის, როგორ თანხმდებით ასეთ მორთულობაზე, როდესაც იცით, რომ ამ ფოტოებს ხვალ ნახავენ თქვენი მშობლები, ახლობლები, მეგობრები“...
„თუ ის დეპუტატია, მან უნდა იცოდეს საკუთარი ადგილი, მაგალითი უდა იყოს ახალგაზრდებისათვის“;
„საშინელებაა! სამარცხვინოა.! მთელ ერს არცხვენს“.
დინაგული ამბობს, რომ სახელმწიფო უწყებებთან არავითარი კავშირი არ აქვს. მართალია, იგი ახალგაზრდული „მასლიხატის“ დეპუტატია, მაგრამ ეს არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია. ეხმარებიან ბავშვებსა და მოხუცებს. გარდა ამისა, როგორც დინაგული ამბობს, პოდიუმზე ასე იყვნენ მორთული სხვა მოდელებიც, მაგრამ რატომღაც მხოლოდ ის გამოარჩიეს.
„ეს იყო მხოლდო პოდიუმისათვის. მე ასე არც კლუბში და არც ქუჩაში არ გამოვდივარ. და არც, მაგალითად, აჟიოტაჟის შესაქმნელად ვმონაწილეობ ჩვენებაში. უბრალოდ, ვაკეთებ ჩემს საქმეს, ვუშაობ და ეს ჩვენმა ხალხმა აღიქვა ისე, თითქოს აჟიოტაჟს ვქმნიდე და ახალგაზრდა გოგოებს ამისკენ ვუბიძგებდე“.
დინაგული ჰყვება, რომ ცემის შემდეგ გადაადგილება უჭირდა. შედეგებს ახლაც გრძნობს, თუმცა პოლიციისათვის მოდელს დღემდე არ მიუმართავს. ფიქრობს, მისი შეურაცხმყოფელისათვის საზოგადოებრივი გაკიცხვაც საკმარისი იქნება.
„გადავწყვიტე, რომ ფოტოები, უბრალოდ, სოციალურ ქსელში გამომექვეყნებინა, რათა შემდგომში აღარ მოექცეს ასე სხვა ადამიანს, სხვა ქალს. საკუთარი თვალით ნახოს და ახსოვდეს თავისი საქციელი. ვფიქრობ, ეს საკმარისია“.
ნოემბერში დინაგული ყაზახეთს წარმოადგენდა ერევანში დსთ-ს წამყვან მოდელებს შორის გამართულ 2018 წლის სილამაზის კონკურსზე. გამარჯვებულის გვირგვინს ერთმანეთს ეცილებოდა 16 ქვეყნის 30 მოდელი.
დინაგული, რომელიც პროფესიონალი მოდელია, 5 წლის განმავლობაში გამოდის სხვადასხვა ქვეყნის პოდიუმებზე. ამბობს, რომ ნახევრად გამჭვირვალე კაბებსა და საცურაო კოსტიუმებში სხვაგანაც გამოსულა, მაგრამ არსად ამას არ მოჰყოლია ისეთი ნეგატიური რეაქცია, როგორიც საკუთარ სამშობლოში, ყაზახეთში.