რუსთავში გააპროტესტეს თბილისის მიმართულებით მგზავრობის გაძვირება
აქციაზე იმყოფებოდა რუსთაველი გიორგი თვალიაშვილიც შვილებთან ერთად, რომელმაც რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „არ უნდა შევეგუოთ ტარიფის გაზრდას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მგზავრობის ღირებულება კიდევ უფრო გაიზრდება“. მისივე თქმით, აქცია სპონტანურად დაგეგმეს, ბევრმა მოქალაქემ არ იცოდა ამის შესახებ, ამიტომ გასაპროტესტებლად მოქალაქეთა მცირე ჯგუფი მივიდა. აქციაზე იმყოფებოდა საკრებულოს წევრი ამირან ჯანჯღავაც, რომელმაც განაცხადა, რომ მისი აქ ყოფნა საკრებულოს პოზიციას გამოხატავს „ინტერტრანსის“ მიმართ, რომლის მძღოლებმაც მგზავრობის ღირებულება გაზარდეს. ამირან ჯანჯღავამ დასძინა, რომ საკრებულომ ცოტა ხნის წინ მიიღო დადგენილება, რომელიც „ინტერტრანსს“ ტარიფის თვითნებურად გაზრდას უკრძალავდა.
29 დეკემბერს, დილიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი თერთმეტი სამარშრუტო ხაზიდან შვიდზე მძღოლებმა მგზავრობის ღირებულება 1,5 ლარიდან 2 ლარამდე გაზარდეს. რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მძღოლების გადაწყვეტილებას სანებართვო პირობების დარღვევად მიიჩნევს. მან თქვა, რომ „ტარიფის ზრდა არის თვითნებური და არ ექვემდებარება მგზავრთა მხრიდან გადახდას.“
თავის მხრივ, გადამზიდავმა კომპანიამ, რომელიც რუსთავიდან თბილისის მიმართულებით 11 სამარშრუტო ხაზს ფლობს, გაავრცელა განცხადება, რომ მათ აქვთ მგზავრობის გაზრდის სრული უფლება. ამიტომ არც კომპანიას, არც მძღოლებს მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და კანონი არ დაურღვევიათ. „ინტერტრანსი“ რუსთავში 2014 წელს შემოვიდა. მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებაში დათქმულია, რომ „ფორსმაჟორულ“ ვითარებაში შესაძლებელია მგზავრობის ტარიფის გადახედვა.