2018 წელს ძალადობამ შეიწირა 94 ჟურნალისტი და მედიამუშაკი
ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის (IFJ) მონაცემებით, 2018 წელს იმატა მოკლული ჟურნალისტებისა და მედიამუშაკების რიცხვმა, რითაც შეჩერდა მსხვერპლის კლების რამდენიმეწლიანი ტენდენცია.
ბრიუსელში დაფუძნებულმა ფედერაციამ 31 დეკემბერს გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად, მიზანმიმართულმა მკვლელობებმა, აფეთქებებმა და კონფლიქტებმა განვლილი წლის განმავლობაში შეიწირა 94 ჟურნალისტი და მედიამუშაკი, წინა წელზე 12 ადამიანით მეტი.
წლევანდელი მაჩვენებელი ყველაზე მაღალია 2012 წლის შემდეგ, როცა მედიაორგანიზაციების 121 თანამშრომელი იქნა მოკლული.
ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია 1990 წლიდან აწარმოებს თვლას და მას შემდეგ ყველაზე სისხლისმღვრელად დაფიქსირდა 2006 წელი, როცა აღირიცხა ჟურნალისტური საქმიანობის დროს ძალადობის შედეგად 155 ადამიანის დაღუპვა.
2018 წელს მედიაორგანიზაციების ყველაზე მეტი თანამშრომელი, 16 ადამიანი, დაიღუპა ავღანეთში. მეორე ადგილზეა მექსიკა 11 და მესამეზე - სირია რვა დაღუპულით.