ფაშინიანი: რუსეთი სომხეთს გაზს უძვირებს, მაგრამ მომხმარებლისათვის ფასი არ შეიცვლება
სომხეთში გაზის მომხმარებლებისათვის ტარიფი „თვალსაწიერ მომავალში“ არ შეიცვლება მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ 1 იანვრიდან გაძვირდება რუსეთიდან გაზის იმპორტი. ამ შინაარსის განცხადება 31 დეკემბერს გააკეთა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა.
დღეს ამოიწურება 2013 წელს გაფორმებული ხუთწლიანი კონტრაქტი, რომლითაც რუსეთიდან სომხეთში გაზის ექსპორტის ფასად განისაზღვრა 150 დოლარი 1000 კუბური მეტრისათვის. თუმცა, კომპანია „გაზპრომი სომხეთი“, რომელსაც სომხეთში გაზის სადისტრიბუციო ქსელი ეკუთვნის, გაცილებით უფრო მაღალ ფასად ყიდდა გაზს ადგილობრივ მომხმარებლებზე.
ფაშინიანი 27 დეკემბერს იმყოფებოდა მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოსალაპარაკებლად, რის შემდეგაც მიანიშნა, რომ არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება გაზის ფასთან დაკავშირებით.
ფეისბუკის პირდაპირ ეთერში ფაშინიანმა აღნიშნა, რომ კვირას ორჯერ ელაპარაკა პუტინს და თემებს შორის იყო გაზის ფასიც. ფაშინიანის თქმით, რუსეთის კომპანია „გაზპრომი“ გააძვირებს გაზს „გაზპრომ სომხეთისათვის“, მაგრამ „შიდა რეგულაციების“ მეშვეობით, ფასი არ შეიცვლება სომეხი მომხმარებლებისათვის.