პუტინი ჩავიდა მაგნიტოგორსკში, სადაც მსხვერპლი მოჰყვა საცხოვრებელ სახლში გაზის აფეთქებას
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩავიდა ქალაქ მაგნიტოგორსკში, სადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა მრავალსართულიან შენობაში გაზის აფეთქების შედეგად. ქალაქის მერის, სერგეი ბერდნიკოვის ინფორმაციით, დაკარგულად ითვლება 38 ადამიანი.
რუსეთის მედიის ინფორმაციით, პუტინმა სამხრეთი ურალის ქალაქში ჩასვლისთანავე მიაშურა ადგილს, სადაც სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. პუტინთან ერთად მაგნიტოგორსკში ჩავიდნენ რუსეთის საგანგებო მდგომარეობათა და ჯანდაცვის მინისტრები.
ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ჩელიაბინსკის ოლქის მთავრობამ უფრო ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიტანეს ოთხი ადამიანის გვამები. ცნობების თანახმად, საავადმყოფოებში მოათავსეს შვიდი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.
ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, აფეთქება მოხდა, ადგილობრივი დროით, დილის 6:10 საათზე 1973 წელს აგებულ მრავალსართულიან კომპლექსში, სადაც, მთლიანობაში, 1100-მდე ადამიანი ცხოვრობს. შენობის დანგრეულ ნაწილზე მოდის 110 ადამიანი, რომელთაგან 15 შინ არ იყო აფეთქების დროს.
სამაშველო სამუშაოებს ართულებს -20 გრადუსამდე ყინვა და კომპლექსის სხვა ნაწილების ჩამონგრევის საფრთხე.