უკრაინაში დაიწყო საარჩევნო კამპანია საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე
უკრაინაში 31 დეკემბერს - საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე - დაიწყო საარჩევნო კამპანია. პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ოფიციალურად არ წამოუყენებია თავისი კანდიდატურა მორიგი ხუთწლიანი ვადით, მაგრამ, ფართოდ გავრცელებული ვარაუდით, აპირებს ამის გაკეთებას.
2014 წლის არჩევნებში 54%-ანი მხარდაჭერის მოპოვების შემდეგ, პოროშენკოს რეიტინგი მკვეთრად არის შემცირებული ეკონომიკური პრობლემების, რეფორმების შეფერხებისა და კვლავაც ფართოდ გავრცელებული კორუფციის ფონზე.
აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც გრძელდება კონფლიქტი რუსეთის მხარდაჭერით მებრძოლ სეპარატისტებთან, 2014 წლის აპრილის შემდეგ 10 300 ადამიანია დაღუპული.
პოროშენკოს მთავარ მეტოქედ მიჩნეულია ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, რომელმაც ჯერ კიდევ ივნისში გამოაცხადა თავისი კანდიდატურის წამოყენების გეგმაზე. საზოგადოებრივი აზრის ბოლოდროინდელი გამოკითხვის შედეგებით, მას პოროშენკოზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს.
უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია 2019 წლის 3 თებერვალს შეწყვეტს კანდიდატებისაგან დოკუმენტების მიღებას. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, მათ შეეძლებათ წინასაარჩევნო აგიტაციის დაწყება.