უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთვება პოპულარული კომიკოსი ვლადიმირ ზელენსკი
პოპულარულმა უკრაინელმა კომიკოსმა და პროდუსერმა ვლადიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ თავის კანდიდატურას წამოაყენებს საპრეზიდენტო არჩევნებზე, რითაც ბოლო მოეღო მითქმა-მოთქმას მისი შესაძლო კანდიდატურის გარშემო.
40 წლის ზელენსკიმ 31 დეკემბრის საღამოს ტელეარხ "1+1"-ის ეთერში თქვა, რომ კანდიდატურის წამოყენება გადაწყვიტა, რათა შეეცადოს „უკრაინაში რაიმეს შეცვლას“.
მსახიობის აზრით, ამჟამად ყოველ უკრაინელს სამი გზა აქვს: პირველია ცხოვრება ისე როგორც ცხოვრობ და დინებას გაყოლა, მეორე - საშოვარზე უცხოეთში წასვლა და მესამეა გზა, რომელიც მან, ზელენსკიმ აირჩია. ზელენსკის გამოსვლა "1+1"-ის ეთერში აჩვენეს ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე. ამის გამო გადაიდო უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს საახალწლო მიმართვა, რომელიც უკვე 2019 წელს გადაიცა.
31 დეკემბერს უკრაინაში ოფიციალურად დაიწყო საარჩევნო კამპანია, არჩევნები 31 მარტს გაიმართება. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, შესაძლო კანდიდატებიდან ამჟამად ლიდერობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, მეორეზეა ზელენსკი, მესამეზე - პოროშენკო.
უკრაინაში ზელენსკი მიჩნეულია ერთ-ერთ უმდიდრეს ბიზნესმენთან, იგორ კოლომოისკისთან დაახლოებულ პირად. სწორედ მას ეკუთვნის ტელეარხი "1+1", რომელმაც ზელენსკის საახალწლო გამოსვლა აჩვენა.