"თიბისი ბანკი" ინგლისურენოვან განცხადებაში ადასტურებს რომ ეროვნულმა ბანკმა დააჯარიმა
„თიბისი ბანკმა“ ინგლისურ ენაზეც გაავრცელა განცხადება 10 წლის წინანდელი ფინანსური ოპერაციის შესახებ, რომლითაც საქართველოს პროკურატურაა დაინტერესებული. ქართულენოვანი განცხადებისგან განსხვავებით, ინგლისურენოვან ვარიანტში „თიბისი ბანკი“ აღნიშნავს, რომ ეროვნულმა ბანკმა 2007 და 2008 წლების ზოგიერთი ფინანსური ოპერაციის შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ ოპერაციის მონაწილე ზოგიერთ იურიდიულ პირს კავშირი ჰქონდა „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელებთან და შესაბამისად დაირღვა ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული კანონმდებლობა. „თიბისი ბანკის“ ინფორმაციით, ეს ფინანსური ოპერაციები ეროვნულმა ბანკმა 2008 წელსაც შეამოწმა და მაშინ რაიმე სანქციები არ გამოუყენებია, ახლა კი „თიბისი“ მილიონი ლარით დააჯარიმა. ამავე განცხადების თანახმად, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება „თიბისი ბანკმა“ სასამართლოში გაასაჩივრა და ჯარიმის გადახდა შეჩერებულია.