შსს: გამოძიება მიმდინარეობს უსაფრთხოების წესების დარღვევისა და ადამიანების სიცოცხლის მოსპობის მუხლით
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდ
დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით "გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა."
აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ოთხი ადამიანი, რომელთა შორის - ერთი მცირეწლოვანია. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 10-მდე ადამიანი. დაშავებულები გადაყვანილი არიან საავადმყოფოებში. აფეთქება დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე 16 იანვარს, საღამოს მოხდა.
პოლიციისთვის ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მიწოდებული პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. გრძელდება სამაშველო ღონისძიებები.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში "112"-ზე ავთანდილის ქუჩაზე აფეთქების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე სახანძრო-სამაშველო ჯგუფების, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების და სასწრაფო დახმარების ბრიგადების ადგილზე მობილიზება მოხდა. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე დაუყოვნებლივ დაიწყო საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია“, - აცხადებს შს სამინისტრო.