კახა საბანაძე: გამოძიება მუშაობს გაზის გაჟონვის ვერსიაზეც
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, კახა საბანაძის თქმით, დადასტურებულია, რომ დიდ დიღომში მომხდარმა აფეთქებამ სამი ადამიანი იმსხვერპლა. ამ ეტაპზე დგინდება გარდაცვლილთა ასაკი.
ჯერჯერობით არ დაზუსტებულა ინფორმაცია დაშავებულთა რაოდენობის შესახებ. ღამის 10 საათისთვის იაშვილის სახელობის კლინიკაში მიიყვანეს კიდევ ერთი დაშავებული არასრულწლოვანი. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, სავარაუდოდ, დაშავებულია ხუთი ადამიანი, საიდანაც ოთხი - ბავშვია.
ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში, მეექვსე სართულზე აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ამ მიმართულებითაც მუშაობს.