აშშ რუსეთს მოუწოდებს, გამოიძიოს ჩეჩნეთში ლგბტ თემის წარმომადგენლებზე თავდასხმები
აშშ ღრმად შეშფოთებულია ჩეჩნეთში ლგბტ თემის წარმომადგენლებზე თავდასხმების შესახებ ინფორმაციის გამო და მოუწოდებს რუსეთს, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება ამ დარღვევების თაობაზე. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, რობერტ პალადინოს განცხადებაში.
გარდა ამისა, აშშ-მა მოუწოდა რუსეთს, უზრუნველყოს ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დამცველთა უფლებების სრული დაცვა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა, ვინც უკანონოდაა დაკავებული, მათ შორის უფლებადამცავი ორგანიზაცია „მემორიალის“ გროზნოს განყოფილების ხელმძღვანელი ოიუბ ტიტიევი.
იანვრის შუა რიცხვებში რუსეთის ლგბტ თემი იტყობინებოდა, რომ ჩეჩნეთში კვლავ დაიწყო გეებისა და ლესბოსელების დევნა. ორგანიზაციის თანახმად, დეკემბრის ბოლოდან რესპუბლიკაში უკანონოდ დააკავეს სულ ცოტა 40 მამაკაცი და ქალი, ორი მამაკაცი წამებისას გარდაიცვალა.