18 იანვარს პრაღის ცენტრში, წმინდა ვაცლავის ძეგლის წინ შუახნის მამაკაცმა თავის დაწვა სცადა. ჩეხეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, შორიახლოს მყოფმა ადამიანებმა მოახერხეს ცეცხლის ჩაქრობა, ვიდრე შემთხვევის ადგილზე პოლიცია მოვიდოდა. მამაკაცს, რომლის ვინაობასაც არ ამხელენ, სასწრაფო დახმარების ცნობით, დამწვრობა აღენიშნება სხეულის 30 %-ზე. პოლიცია იძიებს ინციდენტს და ცდილობს დაადგინოს მამაკაცის მიერ თავის დაწვის მცდელობის მოტივი.
შემთხვევა პრაღის დროით შუადღის სამ საათზე მოხდა ვაცლავის მოედანზე, სადაც ჩეხეთის ეროვნული გმირის, იან პალახის მემორიალია აღმართული. ჩეხეთში სულ ახლახან აღინიშნა 50 წლისთავი იან პალახის მიერ თავის დაწვისა, რითიც 20 წლის სტუდენტმა გააპროტესტა ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ბლოკის მიერ 1968 წელს განხორციელებული ინტერვენცია.