საგანგებო პროკურორი ეჭვქვეშ აყენებს აშშ-ის მედიაში გავრცელებულ ცნობებს
საგანგებო პროკურორის, რობერტ მიულერის ოფისმა ეჭვქვეშ დააყენა ამერიკის ინტერნეტგამოცემის, BuzzFeed-ის მიერ გამოქვეყნებული ცნობა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის ყოფილ ადვოკატს დაავალა ტყუილი ეთქვა კონგრესისთვის მოსკოვში არსებულ უძრავი ქონების პროექტზე.
მიულერის ოფისმა პირველი ღია განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ ეს ცნობა, რომელიც ეყრდნობოდა ანონიმურად დატოვებულ ორ სამართალდამცველ წყაროს, არ არის "ზუსტი". მიულერის ოფისის პრესმდივანი, პიტერ კარი გავრცელებულ განცხადებაში წერს: "საგანგებო პროკურორის ოფისთან გაკეთებული განცხადებების BuzzFeed-ის მიერ შემოთავაზებული აღწერა და ამ ოფისის მიერ მოპოვებული დოკუმენტების და აღიარების დახასიათება, რომლებიც ეხება მაიკლ კოენის კონგრესის წინაშე გამოსვლას, არ არის ზუსტი" - თუმცა კარი არც იმას ამბობს, რომ სტატია მთლიანად მცდარი იყო.
BuzzFeed-ი იცავს მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და საგანგებო პროკურორს მოუწოდებს განმარტოს, კონკრეტულად რას არ ეთანხმება. თეთრმა სახლმა ბრალდებებს "კატეგორიული სიცრუე" უწოდა, თუმცა წამყვანი დემოკრატი დეპუტატები ამბობენ, რომ გავრცელებული ცნობის სისწორის შესაძლებლობა "უდიდესი მასშტაბის შეშფოთების საგანია" და საკითხი უნდა გამოძიებულ იქნას.