ტრამპი: კონგრესთან მოკლევადიან შეთანხმებას მივაღწიეთ მთავრობის გახსნაზე
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კონგრესის ლიდერებთან მიაღწია შეთანხმებას ფედერალური მთავრობის მოკლე ვადით გახსნის თაობაზე, იმ დაფინანსების გამოყოფის გარეშე, რომელსაც ტრამპი მოითხოვს მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად. 25 იანვარს თეთრ სახლში გამოსვლისას ტრამპმა თქვა, რომ ხელს მოაწერს მოკლევადიანი დაფინანსების პროექტს, რომელიც 15 თებერვლამდე იმოქმედებს, რათა დასრულდეს "შათდაუნი", ანუ ფედერალური მთავრობის მუშაობის დროებითი შეჩერება, რომელიც უკვე 35-ე დღეა გრძელდება. თუმცა ტრამპი კვლავ ხაზს უსვამს კედლის აშენების საჭიროებას და ამბობს, რომ 15 თებერვლის შემდეგ ნებისმიერი საბოლოო შეთანხმება უნდა შეიცავდეს ამ კედლის დაფინანსებას. წინააღმდეგ შემთხვევაში "შათდაუნი" აღდგება, ან ტრამპი საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს საიმისოდ, რომ ამ საკითხს ყურადღება მიექცეს. ტრამპი ამბობს, რომ ეს კედელი საჭიროა აშშ-ში უკანონო მიგრანტების და ნარკოტიკების შედინების საწინააღმდეგოდ. დემოკრატები და სხვა კრიტიკოსები თვლიან, რომ ქვეყანას ასეთი ბარიერი არ ესაჭიროება. ისინი ტრამპს ადანაშაულებენ ფაქტების და მონაცემების გაყალბებაში, საიმისოდ, რომ ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე არსებული პრობლემები გაზვიადებული სახით წარმოჩინდეს. "შათდაუნის" გამო შეფერხებით მუსაობდა მთავრობასთან დაკავშირებული არაერთი პროგრამა.