რადიო თავისუფლებამ ევროკავშირის პრიზი მოიგო
გამოვლინდნენ ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის გამარჯვებულები.
ნომინაციაში საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში გამარჯვება მოიპოვა რადიო თავისუფლებამ, ლელა კუნჭულიას სიუჟეტისთვის „პანკისის სტიგმა“.
ნომინაციაში საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში გამარჯვებულია ჟურნალი "ინდიგო", მარიამ აბესაძის და ნინო ლომაძის მასალისთვის „ანა, ელენე, ირინა და სხვები“.
ნომინაციაში საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდულ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში გაიმარჯვა სოფო ზურაბიანმა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ნომინაციაში ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში გამარჯვებულია ჟურნალი „ინდიგო“, ნინო ლომაძის, ნინო ბაქრაძისა და ნინო ჯაფიაშვილის მულტიმედია პროექტისთვის „როგორ გაქრა ცა ქალაქის თავზე“.
ნომინაციაში ბლოგი/თვალსაზრისი /სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში გამარჯვებულია ნანა თაკვარელია, OC Media.
ნომინაციაში დოკუმენტური ფოტო, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებს (ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები, სოციალური სამართლიანობა, ადამიანის ღირსების პატივისცემა, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და კანონის უზენაესობა) ასახავს და გამოქვეყნებულია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში გამარჯვებულია - ნინო ბაიდაური, "მრავალფეროვნების სახეები", TDI.
ნომინაციაში კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი სამხედრო კონფლიქტების მხარეებს შორის ნდობისა და მშვიდობის აღდგენას, ეყრდნობა ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში) გამარჯვებულია ნიკოლოზ გაბლიშვილი, ტელეკომპანია "დია".
პირველ ექვს კატეგორიაში გამარჯვებულები 1,250 ევროს მიიღებენ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში კი ითვალისწინებს ლონდონში, “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში” ერთთვიან სტაჟირებას.