ჯეკ შეფერდი ქართულ ციხეში დარჩება
მას მერე, რაც ბრიტანეთის მოქალაქემ ჯეკ შეფერდმა უარი განაცხადა დიდ ბრიტანეთში ექსტრადიციაზე, შემდგომი პროცედურები საქმის პროკურორმა ქეთევან გურაშვილმა განმარტა:
„დიდი ბრიტანეთიდან გადმოიგზავნება საქმის მასალები. ითარგმნება და პროკურატურის თანამშრომლები შეისწავლიან. ამის შემდგომ კი მიმართავენ სასამართლოს. როდესაც ჩამოვა მასალები და პროკურორი გონივრულ ვადაში მიმართავს სასამართლოს, სწორედ ამ სხდომაზე დაფიქსირდება პრობაცია“.
ქეთევან გურაშვილის თქმით კანონი მხოლოდ გონივრულ ვადას აწესებს და არ არის დაკონკრეტებული ვადები. ამ შემთხვევაში ყველაფერი დამოკიდებულია საქმის მასალების საქართველოში ჩამოსვლაზე. „ეს იქნება ის ვადა, რაც საჭირო იქნება აღნიშნული მასალების შესწავლისთვის და მასალების მომზადებისთვის“, - ამბობს პროკურორი.
ჯეკ შეფერდის გამარტივებული წესით ექსტრადიცია პროკურატურის მოთხოვნა არ ყოფილა. ეს უფლება მას კანონით ჰქონდა მინიჭებული, რაზეც 29 იანვარს გამართულ სასამართლო პროცესზე მან უარი განაცხადა. შეფერდის ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფის გადაწყვეტილება იმით განმარტეს, რომ შეფერდი თავს დაცულად არ გრძნობს დიდი ბრიტანეთის ციხეში.