მარიამ კუბლაშვილი: ჯეკ შეფერდს ურჩევნია ქართული ციხე გაერთიანებულ სამეფოში დაბრუნებას
ჯეკ შეფერდის ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის თქმით მისი დაცვის ქვეშ მყოფის უარი ექსტრადიციაზე უახლოეს ხანებში დიდ ბრიტანეთს ოფიციალურად გადაეგზავნება.
„ჯეკ შეფერდმა უარი თქვა გამარტივებული წესით ექსტრადიციაზე, რაც ნიშანდობლივი ფაქტია. მას ურჩევნია ქართული ციხე გაერთიანებულ სამეფოში დაბრუნებას, სადაც მას ემუქრება საფრთხე. ეს იყო ხმამაღალი განაცხადი მისი მხრიდან. ის იყო დარწმუნებული თავის გადაწყვეტილებაში. მიმდინარე 3 თვის განმავლობაში, სანამ მას პატიმრობა აქვს შეფარდებული, ჩვენ შევისწავლით საქმის მასალებს. სისხლის სამართლის კოდექსის მეექვსე მუხლი ითვალისწინებს გამონაკლის შემთხვევას. ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც სხვა ქვეყნის ბრალდება აქ არ ითვლება დანაშაულად. ამ შემთხვევაში, ქართული კანონმდებლობით პირის ექსტრადიცია არ შეიძლება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი მისი სისხლის სამართლის საქმის შესწავლა. ჩვენ უნდა ჩავრთოთ საერთაშორისო ორგანიზაციები,“ განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.