აშშ-ის დაზვერვა რუსეთსა და ჩინეთს მიიჩნევს ჯაშუშობის მხრივ უდიდეს საფრთხედ
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, დენ კოუტსის განცხადებით, შეერთებულ შტატებს რუსეთი და ჩინეთი უქმნიან უდიდეს საფრთხეს ჯაშუშობისა და კიბერ-თავდასხმების მხრივ.
მსოფლიო მასშტაბით მთავარი საფრთხეების შესახებ სენატის დაზვერვის კომიტეტში ჩვენების მიცემისას, კოუტსმა აღნიშნა, რომ პეკინთან კრემლის ურთიერთობა „უფრო ახლოა, ვიდრე მრავალი ათწლეულის განმავლობაში“ და კიდევ უფრო სახიფათო ხდება მაშინ, როცა ვაშინგტონს თანდათან სცილდება ზოგი მოკავშირე უსაფრთხოებისა და ვაჭრობის სფეროებში ამერიკის პოლიტიკის ცვლილების ფონზე.
კოუტსის თქმით, ჩინეთი, რუსეთი, ირანი და ჩრდილოეთი კორეა სულ უფრო აქტიურად იყენებენ კიბერ-ოპერაციებს ინფორმაციის მოსაპარად, ამერიკელებზე გავლენის მოსახდენად და სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის მოსაშლელად.
კოუტსმა აღნიშნა ასევე, რომ აშშ-ის მოწინააღმდეგეები უკვე ემზადებიან 2020 წლის არჩევნებზე გავლენის მოსახდენად, რისთვისაც ხვეწენ თავიანთ უნარებს, ანვითარებენ ახალ გეგმებს აშშ-ში სოციალური და რასობრივი დაბაძულობის გასამწვავებლად, ხელისუფლების მიმართ უნდობლობის გასაღვივებლად და ანტი-მოსკოვურად განწყობილი პოლიტიკოსების გასაკრიტიკებლად.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებებისაგან განსხვავებით, კოუტსმა გამოთქვა შეფასება, რომ ჩრდილოეთი კორეა, სავარაუდოდ, არ შეასრულებს დაპირებას დენუკლეარიზაციის შესახებ.
თეთრ სახლს გამოცხადებული აქვს, რომ ტრამპი მომავალი თვის ბოლოს გამართავს რიგით მეორე სამიტს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან.