საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ისევ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. გურამ მოდებაძემ, რომელზეც ძიუდოს ფედერაციამ არჩევანი ექვსიოდე კვირის წინ შეაჩერა, თანამდებობა საკუთარი ინიციატივით დატოვა. გადაწყვეტილებისა და მიზეზის შესახებ მოდებაძემ ფეისბუკის პირად გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ისაუბრა.
„როგორც ქართული ძიუდოს გულშემატკივარს მოეხსენება, ხანგრძლივი განხილვების შემდეგ მე დანიშნული ვიქენ საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები გუნდის მთავარ მწვრთნელად. მიუხედავად უდიდესი მხარდაჭერისა ფედერაციის მხრიდან, პრაქტიკულმა მუშაობამ მანახა, რომ ჩემი ამ პოსტზე დარჩენით დაძაბულობა რომელიც ფედერაციაში შეიქმნა, შესაძლებელია ვერ ყოფილიყო სრულად აღმოფხვრილი, რაც დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და უპირველესად გასაკეთებელია. რა თქმა უნდა, მივესალმები და სწორია ფედერაციის მხრიდან მთავარი მწვრთნელის ინსტიტუტის დაცვა, მაგრამ დღეს არის ის ვითარება როდესაც თითოეული ჩვენგანი უნდა დავდგეთ საკუთარ თავზე მაღლა და პიროვნული გადაწყვეტილებებით გადავარჩინოთ ქართული ძიუდო. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების, თუმცა აქვე დავძენ, რომ მზად ვიქნები, როგორც რიგითმა მწვრთნელმა, ისე შევასრულო ჩემი მოვალეობა ქართული ძიუდოს მიმართ“, - დაწერა გურამ მოდებაძემ. ამ განცხადების გავრცელების შემდეგ კი, რამდენიმე საათში ერთმანეთთან დაპირისპირებული ქართველი ძიუდოისტები საქართველოს საპატრიარქოში მივიდნენ და პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შერიგდნენ.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება გურამ მოდებაძის შემცვლელთან დაკავშირებით. წინასწარი ინფორმაციით, ნაკრების თავკაცის მოვალეობას ვეტერანი ძიუდოისტი ნოდარ მეტრეველი შეასრულებს.