ზაზა სარალიძე პროკურატურაში შევიდა
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის დავით სარალიძის მამა რამდენიმე წუთის წინ პროკურატურის შენობაში შევიდა. მასთან ერთად იმყოფებიან მისი ადვოკატი ნესტან ლონდარიძე და ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი, ალეკო ცქიტიშვილი.
წინასწარი ინფორმაციით, ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორს შალვა თადუმაძესა და დავით სარალიძის საქმის პროკურორებს შეხვდება. როგორც ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას კითხვები პროკურორებთან საქმეების გამოძიების შესახებ აქვს.
ზაზა სარალიძე პროკურორებთან შეხვედრას დღის 12 საათიდან ითხოვდა. პროკურატურის შენობა მას ძალით დაატოვებინეს, რის შემდეგაც გავრცელდა ოფიციალური განცხადება, რომ პროკურატურა ზაზა სარალიძისა და პროკურორების შეხვედრის ორგანიზებას მომავალი კვირისთვის, კერძოდ 12 თებერვლისთვის გაუწევდა. ეს პირობა ზაზა სარალიძისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და მან შენობის მიმდებარე ტერიტორია არ დატოვა. პროტესტის ნიშნად პროკურატურის ეზოში იმყოფებოდნენ მისი უფლებადამცველებიც.
ზაზა სარალიძემ პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა, რომ პროკურორებისთვის რამდენიმე შეკითხვის დასმას აპირებს.