პოროშენკოს თქმით, მხოლოდ ევროკავშირსა და ნატოში წევრობას შეუძლია უკრაინის დაცვა რუსეთისგან
უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს თქმით, კიევი უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირსა და ნატოში, რათა დაიცვას თავი რუსეთისგან. ეს განცხადება პოროშენკომ საკუთარი საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებისას გააკეთა. 31 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში პოროშენკო შეეცდება, შემდეგი ხუთი წლით იქნეს არჩეული ქვეყნის პრეზიდენტად. თავის გამოსვლაში მან მოსკოვს ბრალი დასდო, რომ ის არჩევნებში ჩარევას გეგმავს. პოროშენკომ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სურს გაანადგუროს უკრაინის დამოუკიდებლობა და მან საპრეზიდენტო არჩევნებს „უკრაინისთვის გენერალური ბრძოლა“ უწოდა. „მხოლოდ ევროკავშირსა და ნატოში სრულ წევრობას შეუძლია ჩვენი დამოუკიდებლობის, ეროვნული უსაფრთხოების, თავისუფლებისა და კეთილდღეობის შეუქცევადი სახით გარანტირება,“ თქვა პოროშენკომ 9 თებერვალს უკრაინის დედაქალაქში მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას.