რუსეთი აფრთხილებს ევროკავშირს, არ გაამკაცროს გაზის იმპორტის წესები
რუსეთი აფრთხილებს ევროკავშირს, არ გაამკაცროს ენერგეტიკის სფეროში წესები, რომლებმაც შეიძლება გაართულოს რუსეთსა და გერმანიას შორის ბალტიის ზღვაში გამავალი გაზსადენის მშენებლობა. „თუკი პროექტს უმზადებენ დაბრკოლებებს, რათა აიძულონ რუსეთი გაზი უკრაინის გავლით გადატუმბოს მათი პირობებით, მათი ტარიფებითა და ბუნდოვან სამართლებრივ პირობებში, მაშინ ეს პროექტი ალბათ ვერ განხორციელდება,“ განაცხადა 9 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ პანკინმა.
რია ნოვოსტისთვის მიცემულ ამ კომენტარამდე ერთი დღით ადრე ევროკავშირის ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ, წამოაყენონ ევროკავშირის ახალი დირექტივა და გააფართოვონ გაზის მიწოდების შესახებ ბლოკის რეგულაციები კავშირში შემავალ გაზსადენებზე, როგორიცაა რუსეთ-გერმანიის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“.
ბერლინი წინ აღუდგა დირექტივას, მაგრამ მას შემდეგ, რაც საფრანგეთი დაიმუქრა, რომ პოლიტიკურ ბერკეტებს გამოიყენებს მის გასატანად, გერმანია დათანხმდა კომპრომისზე, რომლის მიხედვითაც, გერმანიის მარეგულირებლები გაუწევენ მეთვალყურეობას ისეთ პროექტებს, როგორიცაა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, მაგრამ საბოლოო სიტყვას ევროკავშირის მარეგულირებლები იტყვიან.