სირიაში აშშ-ის მოკავშირე ძალები "უკანასკნელ ბრძოლას" აწარმოებენ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ
აშშ-ის მოკავშირე „სირიის დემოკრატიული ძალების“ შეიარაღებულმა რაზმებმა შეტევა დაიწყეს სირიის ტერიტორიის უკანასკნელ მონაკვეთზე, რომელიც ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ხელში იმყოფება.
„სირიის დემოკრატიული ძალების“ წარმომადგენელმა როიტერსისთვის მიცემულ ინტერვიუში იერიშს უწოდა სირიის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „უკანასკნელი ბრძოლა“. „სირიის დემოკრატიული ძალები“ არის ოპოზიციური ძალების კოალიცია, რომელშიც წამყვან როლს თამაშობენ ქურთების თავდაცვის რაზმები. მათ აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიციის ავიაცია ჰაერიდან უწევს დახმარებას.
„ისლამური სახელმწიფოს“ რაზმები ინარჩუნებენ მცირე მონაკვეთს სირიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ერაყის საზღვართან. უკანასკნელი დღეების განმავლობაში ამ ტერიტორიის დატოვება მოახერხა 20 ათასამდე სამოქალაქო პირმა. ჯერ კიდევ ორი წლის წინ ჯიჰადისტები სირიის მთელს სამხრეთ აღმოსავლეთს აკონტროლებდნენ. მაგრამ ამის შემდეგ მათ ტერიტორიების უდიდესი ნაწილი დაკარგეს. ნაწილი გადავიდა სამთავრობო ძალების კონტროლქვეშ, ნაწილს კი „სირიის დემოკრატიული ძალები“ აკონტროლებენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახლახან იმედი გამოთქვა, რომ მომავალ კვირაში გამოცხადდება „ისლამური სახელმწიფოსგან“ სირიის ტერიტორიის 100 პროცენტით გათავისუფლება.