ვენესუელაში კიდევ ერთი მაღალი რანგის ოფიცერი გადავიდა ხუან გუაიდოს მხარეს
ვენესუელაში კიდევ ერთი მაღალი რანგის ოფიცერი გადავიდა პარლამენტის თავმჯდომარის, ხუან გუაიდოს მხარეს და დაუპირისპირდა პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს.
„ჩვენი, სამხედროების, ოთხმოცდაათი პროცენტი უკმაყოფილოა“, განაცხადა პოლკოვნიკმა რუბენ პას ხიმენესმა ვიდეომიმართვაში. მისი სიტყვებით, არმიას იყენებენ იმისთვის, რათა მადურო ხელისუფლების სათავეში დარჩეს. გარდა ამისა, პოლკოვნიკმა, რომელიც სამხედრო ექიმია, არმიას მოუწოდა, არ შეასრულოს მადუროს ბრძანება და ქვეყანაში შეუშვას ჰუმანიტარული დახმარება აშშ-იდან და კოლუმბიიდან. ამჟამად დახმარებას საზღვარზე არ უშვებენ.
მანამდე სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალმა ფრანსისკო იანესმაც აღიარა გუაიდო მოქმედ პრეზიდენტად.
აშშ-ს, რომელმაც ლათინური ამერიკისა და ევროპის რიგი ქვეყნების მსგავსად აღიარა გუაიდო, პირდაპირი კავშირი აქვს ვენესუელის სამხედროებთან და არწმუნებს მათ, უარი თქვან ნიკოლას მადუროს მხარდაჭერაზე. როიტერსის თანახმად, ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა.