ზესტაფონის მერი კახაბერ მახათაძე თანამდებობას დატოვებს
ინფორმაციას ადასტურებენ ზესტაფონის მერიაში. როგორც მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ეკა დუგლაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აცხადებს, მერის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი "ქართულ ოცნებაში" არსებული შიდა დაპირისპირებაა.
„როგორც ჩანს, კახაბერ მახათაძის მსგავსი ღირსეული ადამიანები „ოცნების“ ახალი გუნდის მიზნებში არ შედის“, - ამბობს ეკა დუგლაძე.
მახათაძესთან ერთად თანამდებობის დატოვებას მისი მოადგილეებიც აპირებენ.
მერის მიერ თანამდებობის დატოვებას ოპონენტები უკავშირებენ კორუფციულ გარიგებებს, რაც, მათი ვარაუდით, ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ მერის საქმიანობის გამოძიებისას გამოვლინდა.
ზესტაფონის მერის წინააღმდეგ მუნიციპალიტეტში აქციები გასული წლის სექტემბრიდან იმართებოდა. მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე მას კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებდა.