ევროპული ტურნეს დასაწყისში პომპეო აცხადებს, რომ რუსეთი ევროპის გახლეჩას ცდილობს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო აცხადებს, რომ აშშ უფრო მეტად უნდა მონაწილეობდეს ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ცხოვრებაში, იმ ფონზე, როცა რუსეთი დასავლეთის გახლეჩას ცდილობს.
პომპეომ დაიწყო ტურნე, რომელიც ევროპის ხუთ ქვეყანას მოიცავს და კონცენტრირებული იქნება ცენტრალურ ევროპაში რუსეთის და ჩინეთის მზარდი გავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე. 11 თებერვალს პომპეო შეხვდა უნგრეთის მემარჯვენე პოპულისტ პრემიერ-მინისტს, ვიქტორ ორბანს, რათა ხაზი გაესვა დემოკრატიის და კანონის უზენაესობის დაცვის მნიშვნელობისთვის. ვაშინგტონი ამ საკითხებს მიიჩნევს წინააღმდეგობად რუსეთის და ჩინეთის მცდელობებისისთვის უთანხმოება დათესონ ევროკავშირსა და ნატოში.
"პუტინს საშუალება არ უნდა მივცეთ ნატოელ მეგობრებს შორის განხეთქილება გააჩინოს" - თქვა პომპეომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პეტერ სიიარტოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. პომპეომ ხაზი გაუსვა ცენტრალური ევროპის და განსაკუთრებით უნგრეთის დამოკიდებულებას რუსეთის ენერგიაზე. თუმცა სიიარტომ უგულებელყო მისი ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის კრიტიკა და აღნიშნა, რომ ევროპის ბევრ ქვეყანას აქვს ამ სფეროში მოსკოვთან გაფორმებული შეთანხმებები. "ევროპის პოლიტიკურ სივრცეში ძალიან ბევრი ფარისევლობა და პოლიტკორექტულობაა" - განაცხადა მან.
აშშ-ის ოფიციალურ პირებს ასევე აშფოთებს ევროპაში, განსაკუთრებით ნატოს ქვეყნებში Huawei-ის გაფართოება, რადგან თვლიან, რომ ეს ჩინური კომპანია მნიშვნელოვან გამოწვევას უქმნის საინფორმაციო უსაფრთხოებას.