"არა მაჭახელა ჰესს" - საპროტესტო აქცია გონიოში
გონიოში მცხოვრები მაჭახელელები უერთდებიან ხეობის სოფლების მოსახლეობის პროტესტს, რომლებიც მდინარე მაჭახელაზე ჰესის მშენებლობას არ ეთანხმებიან. მათ დღეს საპროტესტო აქცია გამართეს გონიოში და შეუერთდნენ სახალხო მოძრაობას "სიტყვის კაცები" რაც იმას ნიშნავს რომ მაჭახელის ხეობაში ადგილობრივები არ მიჰყიდიან მიწებს ჰესის მშენებელ კომპანიას და შეუერთდებიან საპროტესტო მოძრაობას "არა ჰესებს". აქციის მონაწილეებმა ხელმოწერებით დაადასტურეს მოთხოვნები. მაჭახელელები მოითხოვენ გაუქმდეს კომპანია "სილქ როუდ ენერჯისსა" და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული მემორანდუმი. რომელიც მდინარე მაჭახელის ხეობის შესწავლის შემდეგ ჰესის მშენებლობას ითვალისწინებს. "ჩვენ ეკოტურიზმს ვანვითარებთ ხეობაში. მომზადდა კანონპროექტი მაჭახელას ხეობის დაცული ლანდშაფტად გამოცხადების შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტშია წარდგენილი. ჰესის იდეა კი ამ განზრახვას ეწინააღმდეგება. ჩვენთან ტურიზმია ძალიან განვითარებული და მივესალმებით ინვესტორებს მხოლოდ ეკოსოფლის იდეით. სხვა განზრახვა კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენს მდინარე მაჭახელას გვირაბში არავის დავამარცმხინებთ" -გვითხრა ლეილა კახიძემ. თავის მხრივ კომპანია "სილქ როუდ ენერჯიში" ირწმუნებიან, რომ ჰესს მინიმალური ზემოქმედება ექნება გარემოზე. კომპანიას გარემოს შესწავლა ამ დროისთვის შეჩერებული აქვს, რადგან ხეობაში ადგილობრივმა მოსახლეობამ კომპანიის თანამშრომლებს მუშაობის საშუალება არ მისცა.