მოსკოვის სასამართლომ 28 მაისამდე გაუგრძელა წინასწარი პატიმრობა ამერიკელ პოლ უილანს
მოსკოვის სასამართლომ 28 მაისამდე გაუგრძელა წინასწარი პატიმრობა ამერიკელ პოლ უილანს, რომელიც რუსეთში ჯაშუშობაშია ბრალდებული. უილანის ადვოკატმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდება.
მოსკოვში აშშ-ის საელჩოს საკონსულო განყოფილებამ დღეს განაცხადა, რომ წუხელ უილანი მოინახულა აშშ-ის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა. ინფორმაციის კონფიდენციალურობის გამო დეტალებზე არ უსაუბრიათ.
აშშ-ის საზღვაო ქვეითთა ყოფილი თანამშრომელი პოლ უილანი 28 დეკემბერს დააკავეს მოსკოვში ჯაშუშობის ბრალდებით. უილანი უარყოფს ამ ბრალდებას და აცხადებს, რომ ის მოსკოვში ქორწილზე იყო ჩასული. უილანის ადვოკატის თქმით, დაკავებისას მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღმოუჩინეს ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენდა. იურისტმა აღნიშნა, რომ არ იცის, რა ვითარებაში მოხვდა ინფორმაცია უილანთან და იცოდა თუ არა თავად უილანმა ამის შესახებ.
ფედერაციის საბჭოს წევრმა ოლეგ მოროზოვმა პოლ უილანი დაასახელა აშშ-ში დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებზე - ვიქტორ ბუტზე და მარია ბუტინაზე - გადაცვლის კანდიდატად. მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უარყო ეს შესაძლებლობა.