ირაკლი ცირეკიძე დაკავებას უარყოფს, იგივეს ამბობს ძიუდოს ფედერაცია
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იაპონიაში პოლიციამ ვეტერანი ქართველი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე დააკავა. საქართველოს ძიუდოს ფედერაცია და თავად ირაკლი ცირეკიძე გავრცელებულ ცნობას სიცრუეს უწოდებენ. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში კი ინფორმაცია არ აქვთ.
რადიო თავისუფლებამ ინფორმაციის დასაზუსტებლად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც მიმართა.
„იაპონიაში, საქართველოს საელჩოში, ქალაქ ოსაკის სამართალდამცავი უწყებების მხრიდან შევიდა შეტყობინება საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ. საელჩო კავშირზეა როგორც აღნიშნულ მოქალაქესთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავ უწყებებთან. ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია და აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება" - გვითხრეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ირაკლი ცირეკიძე საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში კონსულტანტად მუშაობს. ის ამჟამად ოსაკაშია, გუნდთან ერთად, საწვრთნელ შეკრებაზე.