ატომური ენერგეტიკის სააგენტო: ირანი იცავს 2015 წელს ხელმოწერილ შეთანხმებას
ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს შეფასებით, ირანი იცავს მსოფლიოს ექვს ქვეყანასთან 2015 წელს ხელმოწერილი შეთანხმებით განსაზღვრულ შეზღუდვებს მიუხედავად ეკონომიკური ზეწოლისა, რომელსაც განიცდის აშშ-ის სანქციების შედეგად.
სანქციები განახლდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ გავიდა 2015 წლის შეთანხმებიდან.
ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშით, რომელიც კვარტალში ერთხელ გამოდის, ირანი იცავს ურანის გამდიდრებასა და გამდიდრებული ურანის მარაგზე დაწესებულ შეზღუდვებს.
ანგარიში 22 თებერვალს დაურიგეს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს წევრებს. მისი წაკითხვის შესაძლებლობა მიეცა დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოებსაც.
2015 წლის შეთანხმებით, ირანმა მნიშვნელოვნად შეზღუდა თავისი ბირთვული პროგრამა მის წინააღმდეგ მოქმედი საერთაშორისო სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ.