ხუან გუაიდომ ხელი მოაწერა თავის პირველ ბრძანებულებას ჰუმანიტარული დახმარების შესახებ
ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ხუან გუაიდომ, რომელსაც მრავალი ქვეყანა, მათ შორის აშშ და საქართველოც აღიარებენ ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად, ხელი მოაწერა პირველ ბრძანებულებას. ტვიტერში გამოქვეყნებული ბრძანებულებით გუაიდო გასცემს ვენესუელაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის უფლებას.
ამავე დოკუმენტით გუაიდო აუქმებს პრეზიდენტ ნიკოლოს მადუროს ბრძანებას ბრაზილიასთან სახმელეთო საზღვრისა და ნიდერლანდის კუთვნილ კუნძულებთან საზღვაო საზღვრის ჩაკეტვის შესახებ.
მადუროს რეჟიმმა პარასკევს ჩაკეტა ბრაზილიის საზღვარი, რათა არ დაუშვას უცხოეთიდან ჰუმანიტარული დახმარების შესვლა. მანამდე ჩაიკეტა საზღვარი კოლუმბიასთანაც, რადგან მადურო ირწმუნება, რომ ჰუმანიტარული დახმარებით შეინიღბება ვენესუელაში აშშ-ის სამხედრო ინტერვენცია.
ტონობით საკვები და მედიკამენტები, რაც ვენესუელის მოსახლეობას უმეტესწილად აშშ-მა გაუგზავნა, ამჟამად ინახება კოლუმბიის ქალაქ კუკუტის საწყობებში, ვენესუელის საზღვრის მახლობლად.
21 თებერვალს გუაიდომ ვენესუელელებს მოუწოდა, დაეხმარონ მას შაბათს, 23 თებერვალს ჰუმანიტარული დახმარების ვენესუელის ტერიტორიაზე შეტანაში მადუროს მხრიდან სამხედრო ძალით მუქარის მიუხედავად. ოპოზიციის ლიდერის მომხრეებმა ათასობით მოხალისე შეკრიბეს.
ბოლო წლებში ვენესუელა მწვავე ეკონომიკური კრიზისით არის მოცული. ქვეყანაში ჰიპერინფლაციაა, მოსახლეობა საკვებისა და მედიკამენტების ნაკლებობას განიცდის.