ვენესუელაში ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრანტებს, რომლებიც ბრაზილიასთან საზღვრის ჩაკეტვას აპროტესტებდნენ
ვენესუელაში ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრანტებს, რომლებიც ბრაზილიასთან საზღვრის ჩაკეტვას აპროტესტებდნენ. ცნობების თანახმად, მოკლულია ერთი და დაჭრილია ათზე მეტი ადამიანი. ამის შესახებ იუწყება გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“.
გამოცემის ინფორმაციით, 22 თებერვლის დილას ვენესუელის ოპოზიციის მომხრეებმა გზა გადაუკეტეს სამხედრო ავტოკოლონას სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან სოფელ კუმარაკაპაიში, რის შემდეგაც ჯარისკაცებმა ცეცხლი გახსნეს. დაჭრილია, სულ ცოტა, 12 ადგილობრივი მოსახლე, დაიღუპა 42 წლის ქალი.
როგორც იუწყებიან, ადგილობრივი მოსახლეობა მხარს უჭერს ოპოზიციის ლიდერის, ხუან გუაიდოს ინიციატივას, რომ მოქალაქეები უნდა გაერთიანდნენ და შექმნან პირობები, რათა ვენესუელაში შევიდეს ჰუმანიტარული დახმარება უცხოეთიდან, პირველ რიგში, აშშ-დან.
ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ, რომლის ლეგიტიმურობასაც აღარ ცნობენ ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო და ბევრი ქვეყანა, მათ შორის აშშ და საქართველო, გამოაცხადა ბრაზილიასთან საზღვრის დაკეტვის შესახებ, რათა არ დაუშვას ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლა. მადუროს აზრით, აშშ ჰუმანიტარული დახმარებით შენიღბავს ქვეყანაში სამხედრო ინტერვენციის მცდელობას.