ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას ითხოვს
თბილისის საქალაქო სასამართლო ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული ხუთი პირის საქმეს განიხილავს. დაკავებული ზაზა სიხარულიძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, რომ ის გირაოს შეფარდებას ითხოვს.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ზაზა სიხარულიძეს ედავებიან დანაშაულის შეუტყობინებლობა-დაფარვას. ჩვენ გუშინ საღამოს ამასთან დაკავშირებით საქმის მასალები გადმოგვეცა და მაშინ მოხდა მათ მიმართ ბრალის წარდგენა. ამ ეტაპზე ის იყენებს დუმილის უფლებას და საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, წარდგენილი მუხლის სიმძიმის ხარისხიდან გამომდინარე, ასევე იმ ვითარებიდან გამომდინარე, რასაც მას ედავებიან, ვფიქრობ, რომ ნამდვილად საკმარისი იქნება აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენება", განაცხადა ადვოკატმა.
ვერცხლის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ხუთივე პირს ბრალი 22 თებერვალს წაუყენეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს.