მიგრაციის დეპარტამენტის მარტყოფის თავშესაფარში ირანის მოქალაქე გარდაიცვალა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მარტყოფის თავშესაფარში ირანის მოქალაქე გარდაიცვალა. მამაკაცი თავშესაფარში 22 თებერვალს მიიყვანეს და იმავე ღამით გარდაიცვალა. რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, ის უსახლკარო იყო და მანამდე არ უცხოვრია მარტყოფის თავშესაფარში, თავშესაფარში მიყვანისას კი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ირანის მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას. შსს-ში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ის ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი იყო, ხოლო გარდაცვალების მიზეზი ჯერ უცნობია.
შსს-ს დაწყებული აქვს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა.