როს უილსონი: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში კრიტიკულია
საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიში კრიტიკულია და ასეთი უნდა იყოს ქვეყნის დიდი მეგობრობის მიდგომა მნიშვნელოვანი საკითხების შეფასებისას, - ამ შინაარსის განცხადებას აკეთებს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან დაკავშირებით.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის ამსახველი ანგარიში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 13 მარტს გამოაქვეყნა. საქართველოსთან დაკავშირებული ნაწილი არაერთ კრიტიკულ შეფასებას მოიცავს.
„ეს არის ყოველწლიური ანგარიში, რომლის მომზადებისა და კონგრესისთვის, საზოგადოებისთვის წარდგენა კანონით ევალება სახელმწიფო მდივანს. ანგარიში ასახავს ადამიანის უფლებების მდგომარეობას მსოფლიოს 200-მდე ქვეყანასა და ტერიტორიაზე.
გამოყენებულია ერთნაირი სქემა კრიტიკული შეფასებისა, თუ როგორ მოქმედებენ ქვეყნები ადამიანის უფლებების საერთაშორისოდ აღიარებული ნორმებთან მიმართებით. საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიში კრიტიკულია - როგორიც უნდა იყოს ქვეყნის დიდი მეგობრობის, მთავრობის დიდი მეგობრის მიდგომა იმ საკითხებისადმი, რომელთა შესახებაც ანგარიშის მომზადების კანონიერი ვალდებულება გვაქვს.
საქართველო, უკვე დიდი ხანია, რეგიონის ლიდერია ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებში. ვფიქრობ, ის ლიდერად რჩება. ანგარიშში ასახულია საკითხები, რომელთა უმრავლესობაზეც, არა - ყველაზე, ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური დიალოგი ხელისუფლებასთან. მოველით, რომ გავაგრძელებთ ძლიერ, მეგობრულ და სასარგებლო დიალოგს ყველა ამ საკითხზე, საქართველოს მომავლისთვის მათი მნიშვნელობის გააზრებით.
ეს არის მნიშვნელოვანი ამერიკელი ხალხისთვის, რომლისთვისაც საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებების პატივისცემა ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა როს უილსონმა.