დავით ზალკალიანი: ანაკლიის პორტი პრიორიტეტული პროექტია
როგორ წარმოგიდგენიათ, რომ საქართველოს მთავრობა არ უჭერდეს მხარს პროექტს და ის ევროკავშირის პრიორიტეტული პროექტების სიაში წარადგინოს?! - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, ანაკლიის პორტზე საუბრისას.
„ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას. ეს პროექტი შეტანილია აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში. ეკონომიკის სამუშაო ჯგუფის ყველა სხდომაზე განვიხილავთ და ვახსენებთ - რა პროგრესია ამ პორტის მშენებლობასთან და განხორციელებასთან დაკავშირებით...
მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს პროექტი არის პრიორიტეტული და მომავალშიც იქნება ასე“, - განაცხადა ზალკალიანმა.
მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი 2013 წელს საქართველოს მთავრობის მიერ არის ინიცირებული და მას შემდეგ ყველა პრემიერ-მინისტრი უსვამდა ხაზს ამ პორტის განხორციელების მნიშვნელობას.
მინისტრმა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა ისიც, რომ შეგროვილი აქვს ყველა იმ განცხადების ტექსტები, რომლებიც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთეს სხვადასხვა დონის საერთაშორისო ფორუმებზე.