მადრიდში ჩრდილოეთ კორეის საელჩოს დაკავებისთვის პასუხისმგებლობა იკისრა ჯგუფმა "თავისუფალმა ჩოსონებმა"
ჯგუფ „თავისუფალი ჩოსონის“ წევრებმა, რომლებიც ჩრდილოეთ კორეიდან გაქცეულებს უჭერენ მხარს, საკუთარ თავზე აიღეს ესპანეთში ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის საელჩოს დაკავება მიმდინარე წლის თებერვალში. ინტერნეტში გაჩნდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, საელჩოშია გაკეთებული. ვიდეოზე სავარაუდო აქტივისტი კედლიდან გლეჯს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინისა და ქვეყნის მარადიული პრეზიდენტის, კიმ ირ სენის პორტრეტებს.
ინციდენტი 22 თებერვალს მოხდა მადრიდში. ესპანეთის სასამართლოს ცნობით, 10 ადამიანი იარაღის მულაჟებით ხელში შეიჭრა საელჩოს შენობაში და სცემა, დააბა და დაკითხა დიპლომატიური მისიის თანამშრომლები.
ისინი შეეცადნენ კომერციული საკითხების ატაშე დაერწმუნებინათ, მათთან ერთად გაქცეულიყო. საელჩოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა გაქცევა მოახერხა და პოლიციას გამოუძახა. ადგილზე მისულ პოლიციას დახვდა ერთი თავდამსხმელი. მან თავი წარმოადგინა ჩრდილოეთ კორეის დიპლომატად და თქვა, რომ გამოძახება ყალბი იყო. საელჩო რამდენიმე საათით ჰქონდათ ხელში ჩაგდებული და ამის შემდეგ თავდამსხმელები დიპლომატიური მისიიდან გატაცებული ავტომანქანებით გაუჩინარდნენ და დატოვეს ქვეყანა.
„თავისუფალი ჩოსონის“ განცხადებაში აქტივისტები საელჩოს ხელში ჩაგდებას არ მიიჩნევენ „თავდასხმად“. მათი თქმით, მათ არ გამოუყენებიათ იარაღი და არ უცემიათ აყვანილი თანამშრომლები.
ესპანეთის გამოძიებას მიაჩნია, რომ საელჩოს ხელში ჩაგდების უკან შეიძლება აშშ-ის სპეცსამსახურები იდგნენ, იუწყებიან გაზეთები „ელ პაისი“ და „ელ კონფიდენსიალი“. გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ წყარო იტყობინება, რომ საელჩოზე თავდასხმა არ იგეგმებოდა არცერთ უცხო სახელმწიფოსთან ერთად.