ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტის კომიტეტის ნაცვლად სესიაზე გამოსვლას ითხოვს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს ელექტრონული მოთხოვნა გაუგზავნა და ითხოვა, აპრილში საკანონმდებლო ორგანოს წინაშე წარდგეს არა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე, არამედ პლენარულ სესიაზე.
ოპოზიციიის მთავარი კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან „თიბისი“ ბანკის საქმესა და ახალ საბანკო წესებს შეეხება. მათი განცხადებით, რეგლამენტის თანახმად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვალდებულია მივიდეს იმ კომიტეტში, სადაც ის დაიბარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს რეგლამენტის დარღვევა იქნება:
„იმ შემთხვევაში თუ ბატონი გვენეტაძე არ მობრძანდება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ჩვენ ამას განვიხილავთ როგორც მისი მხრიდან კანონის დარღვევას და მივმართავთ შესაბამისი რეაგირების ფორმებს. გთხოვთ, ჩააყენოთ საქმის კურსში ბატონი გვენეტაძე, რახან ერთ-ერთი ადრესატი თქვენ ხართ. მისი სურვილია როცა უნდა მოვიდეს პლენარულ სხდომაზე, მაგრამ ამ მოსვლას არანაირი კავშირი არ აქვს ჩვენს მოთხოვნასთან“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ მდივანმა ხათუნა გოგორიშვილმა.