ფსიქიატრიული ცენტრის პაციენტის დაღუპვის მიზეზად ოჯახი ცემას ასახელებს
„ემართებოდა გულყრები,რომლის დროსაც მიიღო ყველა ის დაზიანება, რაც აღენიშნება. სამედიცინო ბარათშიც აღწერილია ყველაფერი. ძალადობისა და ცემის ბრალდებები აბსოლუტურად უსამართლოა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ხონის ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ლიკა დევდარიანმა.
პირველადი დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ 60 წლის ქეთევან ბიგვავას, რომელიც 29 მარტს გარდაიცვალა, საკმაოდ მძიმე ხასიათის მრავლობითი დაზიანება აღენიშნება. ის ხონიდან ქუთაისის საავადმყოფოში 17 მარტს გადაიყვანეს. ოჯახის წევრები დარწმუნებით აცხადებენ, რომ ქეთევან ბიგვავამ დაზიანებები ფსიქიატრიულ კლინიკაში მიიღო, სასტიკი ცემის შედეგად.
ქუთაისის ავტოქარხნის საავადმყოფოს ინფორმაციით, შეყვანისას პაციენტი მძიმე მდგომარეობაში იყო. თუმცა ექიმები ვერ აკონკრეტებენ, თუ რა სახის ზემოქმედების შედეგად შეიძლებოდა მიეღო მას დაზიანებები სახესა და სხეულზე.