რობერტ მიულერის ანგარიში კონგრესს აპრილის შუა რიცხვებში წარედგინება
სპეცპროკურორ რობერტ მიულერის ანგარიში, ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, კონგრესს აპრილის შუა რიცხვებში წარედგინება, - ამის შესახებ აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა პარასკევს განაცხადა. მისი სიტყვებით, თეთრი სახლი ამ დოკუმენტს წინასწარ არ გაეცნობა.
მიულერი და მისი ჯგუფი ორი წლის განმავლობაში იძიებდნენ რუსეთის შესაძლო კავშირს აშშ-ის 2016 წლის არჩევნებთან. მიულერი ასევე ცდილობდა იმის დადგენას, უშლიდა თუ არა ტრამპი ხელს გამოძიებას.
ამჟამად სპეცპროკურის ჯგუფში შემავალი სპეციალისტები და აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები ანგარიშს სწავლობენ იმ მიზნით, რომ თავიდან იქნას აცილებული საიდუმლო ინფორმაციის და წყაროების გაჟონვა. რობერტ მიულერის მიერ მომზადებული ანგარიში, თავისი დანართებით, 400-გვერდიანია.
ამერიკელი კანონმდებლები მოითხოვენ, რათა მათ წარუდგინონ სრული ანგარიში
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადა, რომ მას დასამალი არაფერი აქვს. მანამდე დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ მიულერის გამოძიება წარმოადგენს „მის სრულ და ტოტალურ გამართლებას“.