მარნეულის მერიამ უარი უთხრა თემურ აბაზოვს განაცდურის ანაზღაურებაზე
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თემურ აბაზოვმა განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით, თავდაპირველად წარმომადგენლობით ორგანოს მიმართა, საკრებულომ განცხადება ცნობად მიიღო და გადაწყვეტილებისთვის მერიას გადაუგზავნა, რამდენადაც ეს საკითხი აღმასრულებელი ორგანოს კომპეტენციაა.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ რამდენიმე მუხლის საფუძველზე მარნეულის მერიამ აბაზოვის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. უარის ერთ-ერთი საფუძველია კოდექსის 56 -ე მუხლის მე-6 ნაწილი, თქვა ამირან გიორგაძემ. მან დასძინა, რომ მერიის გადაწყვეტილება 2 აპრილს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ცნობად მიიღეს, რომელიც თემურ აბაზოვს გაეგზავნება.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 56-ე მუხლის მე-6 ნაწილი განსაზღვრავს მერის სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმების ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში უფლებამოსილების აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების პირობებს.
მარნეულის საკრებულომ თემურ აბაზოვს, მისივე განცხადების საფუძველზე, მიმდინარე წლის 12 თებერვალს მერის უფლებამოსილება შეუწყვიტა. თემურ აბაზოვი პროკურატურამ შარშან, 13 ივნისს, დააკავა ადგილობრივი მკვიდრის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით. 7-თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ, ის გასული წლის 13 დეკემბერს გირაოთი გაათავისუფლეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „თემურ აბაზოვი, ალბათ, სასამართლოში იჩივლებს“. მან დასძინა, რომ მარნეულის თვითმმართველობა აბაზოვის განცხადების განხილვას მიუბრუნდება და გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებს, თუ ყოფილმა მერმა მართლაც იჩივლა და სასამართლომ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა. თემურ აბაზოვი განცხადებაში აღნიშნავს, რომ განაცდურის ანაზღაურება მას კანონიერად ეკუთვნის. ამასთან, ის ოჯახის ერთადერთი მარჩენალია.